понедельник, 2 марта 2009 г.



წმიდა სალომე ქართველი,
სპარსთაგან წამებული (XIIIს.)
ხსენება 20 ივლისი (2 აგვისტო)

სავარაუდოდ, წმინდა სალომე ქართველი იერუსალიმის დედათა სავანეში მოღვაწეობდა. მის შესახებ ცნობას გვაწვდის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარი, სადაც ნათქვამია, რომ 20 ივლისს ასევე ეწამა სალომე ქართველი, რომელიც თავიდან ცდუნდა სპარსთაგან და უარყო ქრისტე, მაგრამ შემდგომ შეინანა, აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება და ეწამა კიდეც ქრისტესთვის. მას თავი მოკვეთეს, რის შემდეგაც მისი სხეული დაწვეს.

სალომე უჯარმელის სახელობის დღე





წმიდა სალომე უჯარმელის სახელობის დღე 28 იანვარი

წმიდა სალომე უჯარმელი, ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს) უახლოესი თანაშემწე იყო. მან წმიდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანა ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.
სალომე უჯარმელი მირიან მეფის (ხს. 1 ოქტომბერს) ვაჟის, რევის ცოლი იყო. მან დედოფლის პატივთან ერთად „ტყვე ქალის“ - წმიდა ნინოს მსახურებაც იტვირთა და მუდამ იწვრთნებოდა წმიდა ნინოსაგან ლოცვით, მარხვითა და სხვა კეთილი საქმეებით.
ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.
ღვთის განგებით, წმიდა ნინო დაბა ბოდინში (ბოდბე) დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ მისი სიწმიდის თაყვანისმცმემლები, რომელთა შორისაც იყვნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელიც.
წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება. მათ ხსნებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 15 იანვარს (ახ. სტ. 28 იანვარს), წმიდა ნინოს ხსენების მომდევნო დღეს.